Tuesday, October 9, 2012

ტანჯვის გზა



–როგორ გგონია ეს სუფთა კოვზია?
–გაჩუმდი და ერთი ნაჭერი პური აიღე
–მართალია,გირჩევნია ჭამო,თორემ ხომ იცი მთელი დღე მშიერი მოგიწევს ყოფნა
–კი მაგრამ ჭუჭყიანია!
–გაჩუმდი,მოდის
–აქ ვინ ჩამომსხდარან,ერთი ამათ უყურეთ,სუპთან ერთად ამდენი პური რად გინდათ?რაო,პატარა არ მოგწონს სადილი? ჰაჰაჰა
          სამი პატარა თავდახრილი ბავშვის შეშინებული თვალები დაჰყურებს მაგიდას,ობიან პურებსა და წვნიანს,რომელშიც ალაგ–ალაგ მორებივით დაცურავს ქინძი,ერთი კარტოფილის ნაჭერი და ცოტაოდენი მაკარონი.აკანკალებულთ ფეხზე დგომით ზემოდან დასცქერის ნახევარძმა,კუნთმაგარი,შურითა და სიძულვილით აღვსილი თვალებით,ცინიკური გამომეტყველებითა და ფუჭი სიამაყით.
–ჯობია მაგათ მალე ჭამონ და ეზოში გავიდნენ,უკვე ჰაერი დაამძიმეს თავიანთი არსებობით ნაბიჭვრებმა.–გაისმა ხმა,ოთახში შემოდის დაბალი,გალეული ქალი,თმაზე თოვლივით გადაპენტილი ჭაღარით,ცივი სახითა და არაფრის მეტყველი თვალებით.ცარიელი,გამოფიტული გრძნობებითა და ემოციებით.წამით გადახედავს ბავშვებს,რომლებიც ისევ თავჩაქინდრულნი სხედან.ქურიდან გადმოდგამს ქვაბს და მაგიდა,რომ არ დაეწვას ცხელ ჭურჭელს სქელ,შავყდიან წიგნზე დადგამს.ცარიელი,უმეტყველო თვალებით გავა  ოთახიდან.

–გაიგონეთ რა თქვა ჩემმა ბებიამ?დროზე მოხრუპეთ და მოუსვით აქედან,დროზე მეთქი!
    ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილს სიამოვენბს მათი დაშინება,მბრძანებლობა,ხოლო ყვირილით შეშინებული მცირეწლოვანნი მაშინვე ასრულებენ გაცემულ ბრძანებას.ამ სურათით კმაყოფილი ნახევარძმა ისევ ხითხითებს:
–ხი ხი ხი,აი ეგრე,ჩემი ბებია რასაც იტყვის იმას იზამთ,მალე წახვალთ ამ სახლიდან მათხოვრებო,მალე წაგათრევთ დედათქვენი,მასაც მოვერევით მე და ბებია.განა მამაჩემივით გაგვასულელებს!რაო,ტრიპაჩებო გიყვარდათ ხომ მამაჩემი,გუშინ მეზობლების დასანახავად რომ წახვედით მის საფლავზე?! ხა ხა ხა,იმ შავი კაბიდან თეთრი  ბარკლები არ გამოუჩნდეს დედათქვენს.ხა ხა ხა,მგლოვიარეა თურმე,ხი ხი ხი...
            მაგიდასთან მიმჯდარ პატარა გოგონას ცრემლი მოსდის,გაჯავრებული ძმა მაგრად უჭერს ხელს კოვზს,ვეღარ იტევს ამდენ შეურაცყოფას,სუნთქავს ქაოტურად,პულსი ვეღარ ითვლის გულის ფეთქვას,ზიზღიანი თვალებით დასცქერის წვნიანს და სულ რამდენიმე წამიც და იფეთქებს,თუმცა ოთახიდან გადის ტანზე კუნთებდასხმული ვაჟი.
         ისევ გოგონას სლუკუნი და შეშფოთებული კითხვა:
–ამ სახლიდან მართლა გაგვყრიან?სად წავალთ?
–მე მამიკოს საფლავზე დავიძინებ ხოლმე,ერთი მოხუცი ქალი მოდის ყოველდღე ვიღაცის საფლავზე და ძაღლებს აჭმევს,მე რომ დამინახავს მეც მომცემს რამეს,–თქვა შუათანა ვაჟმა.
       უფროსმა ხელი გაუშვა კოვზს,ხელისგულს დახედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა თუ რა ძლიერ ჩაბღაუჭებოდა.არც გრძნობა,არც ფიქრი.არაფერს განიცდიდა,თითქოს სადღაც შორს,ძალიან შორს მინდვირს შუაგულში იდგა და მხოლოდ სიტყვები ესმოდა:,,გაგვაგდებენ“ , ,,სად წავალთ?“ , ,,მამას საფლავზე დავიძინებ“ , ,,მოხუცი ქალი“.ასე უცქერდა უმოძრაოდ თავის ხელის გულს,ბურუსიდან კი დედის ხმამ გამოიყვანა:
–ბავშვებო მალე ჭამეთ და წავედით.
    სკამზე ჩამოჯდა თეთრი პირსახის,ძაძით მოსილი ქალი.ნაძალევად გაუღიმა შვილებს და თვალები ქვაბს მიაშტერა.ბავშვები დუმდნენ,დედას უცქერდნენ და მისგან მოლოდნენ ხსნას.უცებ ქალი გამოერკვა,მოწყევტილი სხეული აამოძრავა,პატარებს შეხედა და უთხრა:
–რაღას უცდით,მალე შეჭამეთ!
   ბავშვებმა კოვზი მოიმარჯვეს და შეასრულეს დედის ნათქვამი.შავებში ჩაცმულმა ქალმა კი ხელი სტაცა ქვაბს,ქურაზე დადგა.აიღო შავყდიანი წიგნი,რომლის ზედაპირიც სულმთლად დაეწვა ცხელ ჭურჭელს და ძლივსღა იკითხებოდა სიტყვა ,,ბიბლია“.ქალმა გულმკერდზე მიიდო  წიგნი,თავი მაღლა ასწია.ბავშვები უკვე წამომდგარიყვნენ,უთხრა:
–წავიდეთ!– და კარისკენ გასწია.პატარა გოგონამ გაოცებით იკითხა:
–სად?
    ქალი მობრუნდა,ჩაიმუხლა და მიუგო:
–არ ვიცი სად,მაგრამ ვიცი ვისთან ერთადაც მივდივართ
     დაბნეულმა გოგონამ კვლავ იკითხა:
–ვისთან ერთად?
     ქალი გაიღიმა,იგრძნო ძალა სხეულში.იგრძნო როგორ ისწრაფვოდა მისი სული უკეთესი,ნათელი მომავლისკენ.ბავშვებს გადახედა და ნაზი ხმით უპასუხა:
–უფალთან ერთად
   გოგონა ხელში აიყვანა,ორი მცირეწლოვანი ვაჟი წინ წაიმძღვარა და თავაწეული გავიდა ოთახიდან.
                              

No comments:

Post a Comment